English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ალექსანდრე ვასილიევი
მეტაეკონომიკა - მეცნიერულ-ფილოსოფიური და ეკონომიკური აზრის ახალი მიმართულება

ეკონომიკის, როგორც საზოგადოებრივი განვითარების შესახებ მეცნიერებისა და პრაქტიკის, თანამედროვე ევოლუციურ მიდგომასთან დაკავშირებული თეორიული კვლევების შემცველი ნაშრომების ინერნეტ ძიებამ მოულოდნელად მიგვიყვანა ორ მეცნიერამდე, რომლებმაც პირველებმა დააფუძნეს სათაურში მითითებული მიმართულება.
ვიდრე მკითხველებს წარვუდგენთ ავტორისეული კვლევების ახალ შედეგებს, სიახლეებს, აუცილებელია საზოგადოებას მივაწოდოთ მეტაეკონომიკის ირგვლივ, ზოგიერთი შინაარსობრივი მონაცემი თანამედროვე ინერნტ წყაროებიდან, რომლებიც მოძიებულია აღნიშნული მეცნიერებისა და მათი პუბლიკაციების შესახებ. მოპოვებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულების ფუძემდებელი არის ქართველი მეცნიერი გიორგი მალაშხია, რომელსაც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ქვეყანაში. მონაცემები მის შესახებ შეიძლება მოვიპოვოთ ვიკიპედიიდან (იხ. მეტაეკონომიკა). მართალია, მისი ძირითადი ნაშრომი ,,მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია’’ (1995, თბილისი), გამოქვეყნებულია ქართულ ენაზე, მაგრამ ვიკიპედიის ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საორიენტაციოდ, შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი ფუძემდებლური დებულებები და მიმართულება, რომლებიც პირველ რიგში არსებული ეკონომიკის ჰუმანიზაციის პრობლემებს უკავშირდება.
ავტორმა გადმოსცა მოხმარებასა და დაგროვებაში ზომიერების პრინციპი - მომხმარებლის რაციონალური ქცევის დეტერმინანტი, როგორც საყოველაო კეთილდღეობისა და მოხმარების მაღალი კულტურის ფაქტორი. შემოიტანა ახალი ელემენტები ადამიანთა მოთხოვნილებების კლასიფიკაციაში - დაამატა სოციალური და სულიერი მოთხოვნილებები. ორიგინალურად გადმოსცა კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ნეგატივები, გლობალური ისტორიული მეტამორფოზის, მომავალ - კაპიტალიზმისა და სოციალიზმისაგან განსხვავებულ საზოგადოებაზე გადასვლის სავარაუდო პროცესი; უარყო ისტორიული მტერიალიზმის მთავარი იდეა ეკონომიკის განმსაზღვრელი ფაქტორის შესახებ საზოგადოების ცხოვრებაში; დაამტკიცა ადამიანისეული ფაქტორის - (იდეების, ცნობიერების) და მათი განვითარების როლი ისტორიულ პროცესში და ა.შ. ასევე გვიჩვენა საზოგადოების სიმდიდრის მეგასტრუქტურის არამატერიალური (სულიერი და სოციალური) და მატერიალური ნაწილების ცვლილებები, რის შედეგადაც შეფარდებით მცირდება შექმნილი დოვლათის მასალატევადობა, ენერგოტევადობა, ღირებულება, ფიზიკური მოცულობა და ა.შ ახლებურად განმარტა გადასახადების არსი და ხასიათი.
გ. მალაშხიამ წარმოაჩინა ეპოქის ხასიათის სამომავლო ცვლილებები- ამჟამინდელი ეგოიზმის ეპოქის ადგილზე ახალი ალტრუისტული ეპოქის დადგომის სახით, რაც ნამდვილად სამართლიანი, ეთიკური, ადამიანური და საყოველთაო ბედნიერი საზოგადოების დადგომის წინაპირობა იქნება. მან მოგვცა ამგვარი გადასვლის ლოგიკურობისა და მოსალოდნელობის არგუმენტაცია მისი ჭეშმარიტი სახიათისა და ყველასათვის მიზანშეწონილობის საფუძველზე.